წერილში ფრონტის ხაზიდან, PrintStore Group-ის მფლობელი გვიყვება თავდასხმასთან გამკლავებისა და მისი ბეჭდვითი ბიზნესის გაგრძელების გამოწვევებზე.

თავდასხმის მომენტიდან, ბევრი უკრაინელი მბეჭდავი ჩაერთო მათ ქვეყანაში გაჩაღებულ კონფლიქტში. ზოგიერთი ახერხებს დრო ბრძოლასა და ბიზნესს შორის გაანაწილოს. მათ შორისაა ოლეგ დოროშენკო, PrintStore Group-ის კიეველი მფლობელი.

ქვემოთ მოცემულია დოროშენკოს წერილი, რომელშიც მოთხრობილია მისი პირადი გამოცდილება და გრძნობები, რომელიც Print Against War-ს Print+-ის ჟურნალისტმა და გამომცემელმა, იგორ აგარკოვმა მიაწოდა.

The PrintStore Group მენეჯმენტის გუნდი მათ ერთ-ერთ ახალ ლითოგრაფიულ საბეჭდ დანადგართან
The PrintStore Group მენეჯმენტის გუნდი მათ ერთ-ერთ ახალ ლითოგრაფიულ საბეჭდ დანადგართან

დიდება უკრაინას, ჩემო მეგობრებო! მე ოლეგ დოროშენკო ვარ, PrintStore Group სტამბის დირექტორი კიევიდან, უკრაინიდან.

მადლობა ღმერთს, ახლა თქვენთან ლაპარაკი შემიძლია, რადგან ყველაფერი გაცილებით უარესად შეიძლებოდა ყოფილიყო. ომის პირველ დღეებში, ჩემი ოჯახი (ცოლი სვეტლანა და პატარა ქალიშვილი ივანკა) კიევიდან მაკარივში გავამგზავრე, დედაჩემთან.

ვიმედოვნებდი, რომ ჩვენ მშობლიურ სახლს ომი არ შეეხებოდა…

მაგრამ პირდაპირ ჯოჯოხეთში მოვხვდით, რადგან რუსულმა სამხედრო ძალებმა კიევამდე მიღწევა სწორედ მაკარივის გავლით გადაწყვიტეს. შემდეგი 10 დღის განმავლობაში სარდაფში დამალვა მოგვიწია, სინათლის, სატელეფონო ან ინტერნეტ კავშირის გარეშე, ერთი წლის ივანკათი ხელში. უკვე ვფიქრობდი, რომ განწირულები ვიყავით!

საშინელი სურათი ისევ თვალწინ მიდგას, ჩემი ცოლი ივანკათი ხელში თავშესაფარში დარბის აფეთქებების ხმის ფონზე…

ერთ დილას ჩემი ძმა, რომელიც მის ოჯახთან ერთად ასევე მაკარივში ცხოვრობს, ჩვენთან მოვიდა და გვითხრა წავსულიყავით, თორემ იქ დავიხოცებოდით. ამასთანავე, წარმატებული ევაკუაციის შანსები დაახლოებით 50/50 იყო, რადგან მაკარივი ბლოკირებული იყო ოკუპანტების მიერ და ერთ-ერთი მანქანა, რომელიც მაკარივის დატოვებას ცდილობდა, ოკუპანტებმა დაუნდობლად ჩაცხრილეს.

შემდეგი 10 დღის განმავლობაში სარდაფში დამალვა მოგვიწია, სინათლის, სატელეფონო ან ინტერნეტ კავშირის გარეშე, ერთი წლის ივანკათი ხელში.

ასე რომ, მაკარივიდან ევაკუაციის გადაწყვეტილება ჩემს ცხოვრებაში ურთლესი იყო, ვინაიდან ჩვენი ოჯახების სიცოცხლე იდო სასწორზე! მადლობა ღმერთს, მანქანების კოლონით, ბავშვებთან ერთად წამოვედით, ადგილობრივი ტერიტორიული დაცვის წარმომადგენლის თანხლებით.

დასავლეთ უკრაინაში გამოვემგზავრეთ, სადაც შედარებით სიწყნარე იყო. როგორც კი გავიგე, რომ ევროკავშირი კარებს უხსნიდა უკრაინელ ლტოლვილებს, ჩემი ოჯახი ირლანდიაში გავგზავნე, ამ სასტიკი ომისგან მოშორებით. მთელი ცხოვრება მადლობელი ვიქნები ამ დიდებული ქვეყნის, რომელმაც იხსნა და შეიფარა ჩემი ოჯახი და სხვა უკრაინელი ოჯახები! დიდება ირლანდიას!

ახლა კი მოკლედ ბეჭდვასთან დაკავშირებით.

ეს გზა საკმაოდ ეკლიანი იყო, რადგან თავიდან გარკვეული პერიოდი უკრაინის პარლამენტში ვმუშაობდი, კანონპროექტებს ვამზადებდი. მაგრამ, რადგან მე უფრო შემოქმედებითი პიროვნება ვარ, რაღაც ახალი მესაჭიროებოდა, საინტერესო და დინამიური, ასე რომ, ბეჭდვა ავირჩიე.

დოროშენკო მის ახალ Heidelberg Speedmaster-თან
ოლეგ დოროშენკო მის ახალ Heidelberg Speedmaster-თან

ჩვენი კომპანიის ისტორია 2007 წელს დაიწყო. თავიდან სარეკლამო სააგენტო ვიყავით, ამბიციური სახელით Intercontinental Ukraine. მიზნად დავისახეთ უკრაინულ ბეჭდურ ინდუსტრიაში მოწინავე პოზიცია დაგვეკავებინა! 10 წელიწადში ოცნება რეალობად იქცა – ოფსეტური სტამბების ტოპ ათეულში მყარად ვიკავებდით ადგილს!

თუმცა PrintStore Group ჩვეულებრივ სტამბაზე ბევრად მეტია!

პირველ რიგში, ეს პროფესიონალი მბეჭდავების გუნდია!

ჩვენ გვიყვარს რთული პროექტებისა და ამოცანების შესრულება, რომლებიც უბრალო სტამბის ძალებს აღემატება და ხშირად გვჭირდება რამდენიმე სტამბის, ჩვენი სანდო პარტნიორების ჩართვა პროექტის განსახორციელებლად.

ნათელი მაგალითია ბელგიელი ავტორის, დავიდ დენილის წიგნი “ნუ დაიძინებ სიარულის დროს”, რომელმაც უკრაინაში გვიპოვა და ჩვენ ამ წიგნის შესანიშნავი დიზაინის იდეა განვახორციელეთ! ეს წიგნი მართლაც ძალიან რთული იყო ბეჭდვის კუთხით: ინტეგრირებული შეკვრა ჭედურობით, შიდა ბლოკი შედგებოდა მრავალი განყოფილებისგან, სხვადასხვა ტიპის ქაღალდზე (გაზეთი და დაუფარავი ეკო ქაღალდი) და სხვადასხვა ფორმატის ჩანართებით.

მიზნად დავისახეთ უკრაინულ ბეჭდურ ინდუსტრიაში მოწინავე პოზიცია დაგვეკავებინა! 10 წელიწადში ოცნება რეალობად იქცა - ოფსეტური სტამბების ტოპ ათეულში მყარად ვიკავებდით ადგილს!

ოთხი სტამბა ჩავრთეთ ამ პროექტში, შედეგად წიგნი გამოიცა და ნომინირებული იქნა დოკუმენტური წიგნების ფესტივალზე საფრანგეთში. ჩვენს ისტორიაში, ის ყველაზე რთული იყო ბეჭდვის კუთხით!

დავიდ, ჩემო მეგობარო, ჩემი თუ გესმის, სალამს გითვლი! დიდება უკრაინას, ჩვენ გავიმარჯვებთ!!!

ომამდე ბევრს ვბეჭდავდით, მომხმარებელი უკრაინიდანაც გვყავდა და ევროპიდანაც (200-ზე მეტი უკრაინული და უცხოური კომპანია და კორპორაცია); ასე რომ, ჩვენ ყველას ვეპატიჟებით, დაბეჭდეთ უკრაინაში და ჩვენს ინდუსტრიას მხარი დაუჭირეთ ომის შემდეგ!

ამჟამად ომის რეჟიმში ვმუშაობთ – მნიშვნელოვან შეკვეთებს ვასრულებთ, მაგრამ, უნდა ვაღიარო, რომ შეკვეთების რაოდენობამ მკვეთრად დაიკლო.

ჩვენ ვამაყობთ ჩვენი პერსონალით, რომელმაც გადაწყვიტა უკრაინა რუსი ოკუპანტების აგრესიისგან დაეცვა.

The PrintStore Group-ის გუნდი drupa-ზე
The PrintStore Group-ის გუნდი drupa-ზე

ამ მძიმე დროს, ჩვენი პრიორიტეტი თანამშრომლების ფინანსური მხარდაჭერაა და ომის შემდეგ ბეჭდური ინდუსტრიის აღორძინება!

ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ნეო-ფაშისტებზე გავიმარჯვებთ! გასაკვირი არაა, რომ ასეთი გამოთქმაც გვაქვს – ვინც ჩვენს მიწაზე მახვილით მოვა, ამ მახვილითვე განიგმირება!

პუტინის ბლიცკრიგი ომის პირველივე დღეებიდანვე ჩავარდა, ჩვენი ხალხი გმირული წინააღმდეგობით შეხვდა აგრესორს! ახლა მთელ მსოფლიოს ესმის, რომ ზღაპრები მსოფლიოში უძლიერესი არმიის შესახებ მხოლოდ მითია!

ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ომი მალე დასრულდება, ოკუპანტს უკრაინაში, ევროპის უდიდეს სახელმწიფოში, ამ მასშტაბის ომის გასაგრძელებლად რესურსები აღარ ჰყოფნის .

უკრაინა გაიმარჯვებს! დიდება უკრაინას!!!